კოლეჯის ისტორია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა და 2015 წლის 04 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაარსდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ახალი კადრების მოდულური პროფესიული პროგრამებით მომზადება დარგში დანერგილი ახალი ტექნოლოგიებისა და სიახლეების გათვალისწინებით. ასევე, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების გადამზადების უწყვეტი პროცესის განხორციელება. სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ დახმარებით საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება-გადასინჯვის სპეციალური მეთოდოლოგიის (DACUM-“Developing a Curriculum” დიაგრამა) გამოყენებით შეიქმნა სარკინიგზო სპეციალობების პროფესიული სტანდარტები და სასწავლო პროგრამები. დღეისათვის, სწავლების დუალური მეთოდის გამოყენებით მოდულური პროგრამების განხორციელების გამოცდილება საქართველოში არ არსებობს და შესაბამისად, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გეგმავს, რა აღნიშნული მეთოდის გამოყენებას, სს „საქართველოს რკინიგზასა“ და გერმანიის რკინიგზის შვილობილ კომპანია DB E&C შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად გერმანიის მხარე უზრუნველყოფს შემუშავებული მოდულური პროგრამების გადახედვას და რეკომენდაციების მოწოდებას სწავლების დუალური მეთოდის მიდგომების გათვალისწინებით. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა მონაწილეობა მიიღო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო (MCA-Georgia) „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (PICG) პროექტით ,,პროფესიული სწავლების დუალური მეთოდის განვითარება სარკინიგზო დარგში და სარკინიგზო შრომის ბაზრის გაუმჯობესება”. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი მოდულური პროგრამების განვითარება:
• რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის ელექტრომექანიკოსი;
• ელექტრომოძრავი შემადგენლობის მეურნეობის ელექტრომექანიკოსი;
• სარკინიგზო გადამზიდავი;
• სავაგონო მეურნეობის მექანიკოსი;
• ლოკომოტივის მემანქანე;
• ლიანდაგის მონტიორი;
• სალიანდაგო დეფექტოსკოპისტი;
• სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკოსი.
ამჟამად, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი აქტიურად მუშაობს ახალი სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროექტზე, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტებისთვის შეთავაზებული იქნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული სასწავლო გარემო. აგრეთვე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს შორის შედგა პარტნიორულ თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაცია „Occupational Safety and Health Administration (OSHA)“-თან, რათა სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ბაზაზე განხორციელდეს საქართველოსთვის „შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვის“ მიმართულებით ტრენერების მომზადება-გადამზადება ორი მიმართულებით: Genaral Industry (ზოგადი ინდუსტრია) და Construction Industry (სამშენებლო ინდუსტრია).